суббота, 15 июля 2017 г.

რეკომენდაციები...

ექსკურსიები სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია. ასეთ არაფორმალურ გარემოში  როგორც მოსწავლეები, ასევე,  მოსწავლეები და პედაგოგები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, ეცნობიან ურთიერთინტერესებს,  უახლოვდებიან და უმეგობრდებიან  ერთმანეთს. იგნრევა მათ წარმოდგენაში არსებული სტერეოტიპები პიროვნებაზე. ერთმანეთის მიმართ  ხდებიან უფრო თბილები, ლმობიერები, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე. რაც მთავარია, ასეთ დროს ხდება არანაკლებ მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სასწავლო ექსკურსიის მოწყობა გარკვეულ დროსა და ორგანიზებასთან არის დაკავშირებული.  სანამ გავემგზავრებით, აუცილებელია ჩატარდეს  წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები.  ამ პროცესის ვადა განუსაზღვრელია. ის შეიძლება 2 კვირას ან უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს. 

რა ხდება მოსამზადებელ პერიოდში?

1. მასწავლებლის მიერ საექსკურსიო გარემოს წინასწარ შესწავლა. (მაგ: დასათვალიერებელი ადგილების შესახებ ინფორმაციების მოძიება, ინფორმაციის დახარისხება - რაზე გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება,  მოსწავლეთათვის დავალებების მოფიქრება და სხვ)
2. ექსკურსიის დაგეგმვა. (სად მივდივართ პირველად, მეორედ და ა.შ. სად  რა აქტივობებს განვახორციელებთ,  რაზე ვისაუბრებთ,  ვის რა დავალებას მივცემთ და ა.შ). გეგმის შედგენისას, გაითვალისწინეთ კავშირი სხვა საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან. ასევე, გაითვალისწინეთ, ესგ-ს რა სტანდარტებს დააკმაყოფილებს ექსკურსია.
3. მოსწავლეთათვის ექსკურსიის გეგმის გაცნობა და დავალებების მიცემა (მაგ: მოიძიონ შესაბამისი საინფორმაციო მასალა საექსკურსიო სანახაობის გარშემო ან მოიძიონ ადგილთან მისასვლელი გზები და დასახლებული პუნქტები - ამისთვის, დაათვალიერონ ადგილის რუკა, განსაზღვრონ თითოეული დასახლებული პუნქტის დაშორება დასათვალიერებელ ძეგლთან, მოიძიონ ძეგლის შესახებ არსებული მასალა ხელოვნებასა და ლიტერატურაში (ლექსი, მხატვრული ტილო, სიმღერა  და სხვ.)
4. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდგომ ექსკურსიამდე რამდენიმე  დღით ადრე, მოსწავლეებისათვის ადგილზე ჩასატარებელი სამუშაოების წინასწარ განაწილება. (მაგ: ადგილზე ვიღაცა გააკეთებს ჩანახატს, ვიღაცა გადაიღებს ფოტოს, ვიღაცა  ჩაიწერს ძეგლზე დატანილ მნიშვნელოვან წერილობით ინფორმაციას, ვიღაცა აღწერს კედელზე გამოსახულ ჩუქურთმებს, ვიღაცა ჩაატარებს გაზომვებს,  და ა.შ. მრავალნაირი დავალების მოფიქრება შეიძლება, ეს თქვენს შემოქმედებაზეა დამოკიდებული).
5. ტრანსპორტის მოძიება და ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა. კერძოდ,   განაცხადი დირექციის სახელზე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს 
ექსკურსიის მარშუტი
ექსკურსიის მიზანი
ექსკურსიის გეგმა
წასვლა-მოსვლის დრო
მოსწავლეთა სია
დამხმარე პერსონალის  სია (მძღოლი, მშობლები, პედაგოგები, ექთანი)
ტრანსპორტის ნომერი
ტრანსპორტის გამართულობის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მძღოლის ხელმოწერით დადასტურებული.  
დოკუმენტაცია დგება 2 ცალად -1 პირი ეძლევა დირექციას,   1 პირს ინახავს ექსკურსიის ორგანიზატორი მასწავლებელი ექსკურსიის დასრულებამდე. 

შემდეგი ნაბიჯი უკვე პრაქტიკული ექსკურსიაა.


რომ არაფერი დაგავიწყდეთ, წინასწარ ჩამოწერეთ საჭირო რესურსები და გადაანაწილეთ მოსწავლეებზე - ვის რისი მოტანა ევალება:
მაგ:
1. მშრალი საკვები, წყალი, ჭურჭლი, სუფრა, დანები და ა.შ.
2. აუცილებელი მედიკამენტები
3. ფოტოაპარატები
4. ფურცლები, ფანქრები, ბლოკნოტები და ა.შ.
5. სათამაშო ნივთები გასართობად  (მაგ: ბურთი, ბადმინტონი, სახტუნელა, საცეკვაო და მოსალხენი სიმღერები და სხვ.)
6. ერთი ხელი თბილი  სამოსი ამინდის გაუარესების შემთხვევაში.


ნანახისა და განცდილის მყარად დამახსოვრებისათვის, აუცილებელია, ჩატარდეს ექსკურსიის შემდგომი აქტივობები მოსწავლეთა მონაწილეობით, მაგ:
1. ფოტოალბომების შექმნა
2. პოსტერების დამზადება
3. ლანდშაფტური რუკის შექმნა
4. ნახატების შექმნა
5. ბუკლეტების გამოცემა
6. თხზულებების  წერა
7. გამოფენის მოწყობა, საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და მოსწავლეთა სიმბოლური დაჯილდოება ყველა ნომინაციაში (თუნდაც უბრალო მადლობის გამოცხადება, ან სიგელის გადაცემა საზეიმო ვითარებაში, რაც მოსწავლეთა სტიმულია და ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას.)


ექსკურსიის შემდგომი აქტივობებში სასურველია,
1. თუ ვითანამშრომლებთ სხვადასხვა საგნების პედაგოგებთან. მაგ: გეოგრაფიის მასწავლებელთან რუკის შექმნისათვის, ქართულის მასწავლებელთან თხზულების შესაქმნელად და ა.შ. ასევე,
2. კარგი ვარიანტია სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა მონაწილეობით ჟიურის შექმნა საუკეთესო ნამუშევართა გამოვლენის და შეფასების მიზნით.


ექსკურსიისათვის საჭირო საკვების რაოდენობა
(გათვლილია 25 მოსწავლეზე და 3-4 დამხმარე ადამიანზე. გეყოფათ თავისუფლად ისე, რომ არ დაგრჩებათ დიდი რაოდენობით ნარჩენები)
1. პური 10ც.
2. სამწვადე ხორცი 6-7 კგ.
3. შემწვარი ქათამი 4-5ც.
4. კარტოფილი 3 კგ.
5. კიტრი-პომიდორი 5-6 კგ. (მთლიანად)
6. ლობიანი და ხაჭაპური დიდი ზომის (მრგვალი) 10 ც. (საშუალო ზომის 12 ც.)
7. ყველი 1 კგ.
8. მჭადის ფქვილი 1 კგ.
9. ხახვი 0,5 კგ. (მწვადისთვის), ცოტა ძმარი (1 ღვინის ჭიქა) ან ბროწეული.
10. 2-3 სახეობის ხილი თითოეული 2-2 კგ.
11. სხვადასხვა სახის ორცხობილები სულ 3კგ.
12. ლიმონათები  (1,5ლ.-2ლ.) - 6-7ც.
13. მინერალური წყალი 3-4ც.
14. საწებელი, მარილი, აჯიკა (თქვენი გემოვნებით)

დაგჭირდებათ, ასევე,  ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, შამფურები მწვადისთვის, ჯამები, დანები, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები,  ადიელები ძირს გასაფენად, სუფრა და სხვა ამგვარი ნივთები...


  (გთხოვთ, დამატებითი  ინფორმაცია დამიტოვოთ კომენტარებში. ეს ჩემთვისაც სასარგებლო იქნება. წინასწარ გმადლობთ, კომენტარისთვის.)